დეპრენოლი
ანტიდეპრესანტული აქტივობის მქონე ფიტოპრეპარატი


დეპრენოლი
Deprenol

პარასამკურნალო საშუალება

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტული აქტივობის მქონე ფიტოპრეპარატი.
ათქ კოდი:  NO6AX25.
ტაბლეტის შემადგენლობა: თითოეულ ტაბლეტში აქტიური სუბსტანციის სახით შედის კრაზანას ბალახის ექსტრაქტი 0,3მგ ანტრაცენების შემცველობით (ჰიპერიცინზე გადაანგარიშებით).
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატში შემავალი კრაზანას ექსტრაქტის ძირითადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია: ჰიპერიცინი, ფსევდოჰიპერიცინი, ჰიპერფორინი და ფლავონოიდები, რომლებიც აუმჯობესებს ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
პრეპარატი ახდენს ანქსიოლიზურ და ანტიდეპრესიულ მოქმედებას: აუმჯობესებს ფსიქოემოციონალურ მდგომარეობას, გუნება-განწყობილებას, ხსნის აპათიას, დათრგუნულობას, აწესრიგებს ძილს, ზრდის ფსიქიკურ და ფიზიკურ აქტივობას.
ჩვენება:
ფსიქოვეგეტატიური დარღვევები (აპათია, განწყობილების დაქვეითება);
ნევროზული რეაქციები;
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეპრესიული მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს შფოთვა (მათ შორის, კლიმაქტერულ სინდრომთან დაკავშირებული).
გვერდითი მოვლენები: 
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია განვითარდეს გამონაყარი კანზე, ქავილი, ეგზემა;
ცნს-ის მხრივ: შფოთვა, თავის ტკივილი, ზედმეტად დაღლის შეგრძნება;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, მუცლის ტკივილი (ეპიგასტრალურ უბანში);
სისხლწარმომქმნელი ორგანოების მხრივ: რკინადეფიციტური ანემია. 
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ; მძიმე ხარისხის დეპრესია; მაოს ანტიდეპრესანტ-ინჰიბიტორების ერთდროული მიღება, სისხლის შედედებაზე მოქმედი პრეპარატების (ვარფარინი და სხვა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები) ერთდროული მიღება, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე (არასაკმარისი მონაცემების გამო), ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება (მკურნალობის პერიოდში საჭიროა მზის პირდაპირი სხივებისგან თავის არიდება).
მიღების წესი: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ მიიღება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
მკურნალობის ხანგრძლივობაა 2-4 კვირა (არაუმეტეს 6 კვირისა). ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა პრეპარატის რეგულარულად, ერთსა და იმავე დროს, არანაკლებ 4 კვირის მანძილზე მიღებისას. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება 2-3 კვირის შემდეგ.
ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით (დაღეჭვის გარეშე).
პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით, დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება. 
ორსულობა და ლაქტაცია: არ არსებობს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: ერთდროული მიღებისას ამცირებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (ფენპროკუმონი, ვარფარინი), მიდაზოლამის, დიგოქსინის, ამიტრიპტილინის, ბენზოდიაზეპინების, ნორტრიპტილინის, თეოფილინის, ვერაპამილის ეფექტურობას.
ზოგიერთ ანტიდეპრესანტთან ერთდროული მიღებისას, როგორიცაა ნეფაზოდონი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ტრიპტანამი შესაძლებელია მათი მოქმედების გაძლიერება და ისეთი სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, შიში, შფოთვა, გონების დაბინდვა.
პრეპარატი აძლიერებს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ფოტოსენსიბილიზაციურ მოქმედებას, როგორიცაა, ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები, თიაზიდური დიურეტიკები, ქინოლონები, პიროქსიკამი.
ახანგრძლივებს ზოგად საანეთეზიო საშუალებებითა და ნარკოტიკული ანალგეტიკებით გამოწვეულ ძილს, ხოლო ბარბიტურატებით გამოწვეულ ძილს ამოკლებს. ამცირებს რეზერპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს, ზრდის თეოფილინის მეტაბოლიზმის სიჩქარეს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე: პაციენტმა, რომელიც იღებს მოცემულ პრეპარატს, უნდა დაიცვას სიფრთხილე ისეთ მექანიზმებთან მუშაობის დროს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრირებას.    
გამოშვების ფორმა: 
პირველადი შეფუთვა: 10 ტაბლეტი პვქ/ალუ ბლისტერზე. 
მეორეული შეფუთვა: 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.  
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს. ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ./ფაქსი: 259-64-46, 259-57-90.



"
Copyright © 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved